მირზაანიდან თბილისში ჩამოსულმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანაშვილმა ერთხანს მატარებლის გამყოლად იმუშავა, მერე დუქანი გახსნა, მაგრამ ვაჭრობას ალღო ვერ აუღო და დუქნების მოხატვას მიჰყო ხელი. ნაშოვნ გროშებს საღებავსა და ჭიქა ღვინოში ხარჯავდა, კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე ქალზე, მარგარიტაზე ოცნებობდა... ერთხელ დუქანში შესული მხატვრები ნიკალას ნამუშევრებით დაინტერესდნენ, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს და მხატვართა საზოგადოების შეკრებაზე მიიწვიეს. გახარებულ ნიკალას პროფესიონალებთან გასაუბრების საშუალება მიეცა, მაგრამ მხატვრებმა ფიროსმანის ხელოვნება არ აღიარეს და გაზეთში მისი კარიკატურა გამოაქვეყნეს. მარტოსულმა, ავადმყოფმა ნიკალამ სიღატაკეში დალია სული.
სვანეთში, მულახის თემში ჯაჭვლიანების საგვარეულო კოშკში მწვერვალ თეთნულდიდან თეთრი ალის სახით ანგელოზი გადმოდიოდა.კოშკში მყოფნი იწყებდნენ ლოცვას. თეთრი ანგელოზი კოშკის მაცხოვრებლებს მფარველობდა. ერთ დღეს ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი მოკლეს. მას მერე თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა.
ზურას მამას მოუკლავენ. დედა ბიჭს სოფელს გამოარიდებს და ქალაქში გადმოსახლდება. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამო დაღს დაასვამს. იგი "ყოჩი ბიჭის" ნიღაბს აიფარებს, თანაკლასელებს თავის ნებაზე ათამაშებს, სკოლის ლიდერი გახდება, თუმცა საკუთარ თავთან დარჩენილი ეული და მარტოსულია. მაგარი ბიჭის თამაშს დიდხანს ვერ შეძლებს. პოზიციას დათმობს. შარავანდედშემოძარცვულ ზურას თანაკლასელები ზურგს შეაქცევენ.
ბუნებით მაძიებელი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს... მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს გაუშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით გაიკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც. მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო მამის ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ "პელეს" მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ექსპერიმენტის დადებით შედეგზე მეტყველებს.
თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს.
საახალწლო ფილმი სიყვარულზე და ბიჭების და გოგონების ურთიერთობაზე. ნოდარს და ნუნუკას ნიშნობა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს ნოდარი საერთოდ არ იცნობს ქალებს, როგორები არიან ისინი, და უნდა დაუმალო თუ არა მათ საკუთარი წარსული. დოლჩეს შესაბმელად თიკუნა სიურპრიზს ამზადებს და მკერდის გადიდების ოპერაციას იკეთებს. მყუდროც შეყვარებულია და არ იცის, როგორ აუხსნას სიყვარული ელენეს, მეთოდი კი, რომელსაც ის მოიფიქრებს, ათას თავსატეხს გაუჩენს. ნიკა და ნინი ბავშვს ელოდებიან, ფეხმძიმე ნინის კი ყოველ წამს სჭირდება სიყვარულის და ერთგულების მტკიცება. ბავშვს ელოდებიან ნატა და რობიკოც, ოღონდ რობიკოს მოლოდინი ძალიან კონკრეტულია, მას ბიჭი სჭირდება. ლაშა და თეკლა კი ახალ წელს სტუმრებს ელიან, ყველას, ვინც უყვართ და ვისაც უყვართ. ახალ წელს ხომ ყველას უნდა სიყვარულით სავსე გარემოში იყოს
მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას... დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული. . .
ახალი წლის წინა საღამოს საყიდლებით გართული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრში შვილს, ერთი წლის საბას კარგავს. ლაშა და თეკლა მეგობრებთან ერთად ბავშვის ძებნას იწყებენ, ირგვლივ კი საახალწლო სამზადისი და მხიარული განწყობა სუფევს.